ლურჯი მონასტერი
XII ს-ის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია.
ადრე „ლურჯ მონასტერს“ რომ მიდგომოდი, თუ აუყვებოდი მტკვრიდან, ჯერ გაცდებოდი ძმები ნიკიტინების ცირკს, ჯამბაზი „ჟაკოლინოთი“; მერე ვერის ძველ ბაზარს ახვიდოდი, დაადგებოდი ახალ ყორღანოვის ქუჩას და ჩაუვლიდი „ბელ-ვიუს“ ბაღს, ვინემ ის დაიწვებოდა, თავის ფაგოტებითა და კონტრ-ფაგოტებით, სახლებს, მაზუთით რომ ათბობდნენ და ჩივოდა ხალხი, იმის ჭვარტლი და სარკმელში გამოყოფილი „ტრუბა“ სახლის კედლებს გვიშავებსო. მერე მიადგებოდი რუსების ეკლესიას და იმის გვერდით იყო „ლურჯი მონასტერი“, ლურჯი ფილებით გადახურვის გამო რომ შერქმეოდა ასე.

გაბაშვილები იტყოდნენ, ეგაა ჩვენი საგვარეულო ეკლესიაო, და მთელ ვერასაც მოიზომავდნენ – ეს მიწები სულ ჩვენია და ზევით, ფეიქრების გორას რომ ასცდები, მერე „ტანც-გეორგას“ დუქანს, „ახალ გოლანდიასაც“ და „ხლებნაია გორკას“. ზემო ვერაზე ხომ საერთოდ, „ვარდის უბნითა“ და მერე „ოჯიოს უბნამდე“, სულ სათავისოდ დაენახათ.
„ოჯიოს უბნის“ აზერბაიჯანლები დღემდე შემორჩენილან ვერის სასაფლაოს და სულეიმანა, ლახლუხი, ახლა საფლავებს რომ უვლის, კონსტანტინე გამსახურდიას პარავდა ვირს, იქვე საბალახოდ რომ გაეშვა, და ზედ დაჭენაობდა. პაპამისს „სულტან სულეიმანს“ კი ოთხი ცოლი ჰყავდა და თითზე გიშრის დიდი ბეჭედი. თუმცა გაგვექცა საუბარი და მონასტერი კი ქვემოთ დაგვრჩა.
ის ჯერ კიდევ VII საუკუნეში აეგოთ და მერე ბევრჯერ გადაეკეთებიათ: ერთი ხანობა ბაზილიკის ყაიდაზე გადაეხურათ, დენთის საწყობადაც ექციათ, მედიცინის მუზეუმადაც, და დღეს კი მოაღწია როგორც „ჩახაზული ჯვრის“ გუმბათოვანმა ტაძარმა.

ზაქარია გაბაშვილი, ბესიკის მამა, პოლიტიკას რომ ატრიალებდა და მთელ სამეფო კარს, აქ იყო, მონასტერში ყოფნისას. ვახუშტი მას გულისხმობს – იმ მონასტერში სულ ერთი მღვდელი იყოო. აბობოქრებული კაცი იყო ზაქარია და რუსეთის სინოდში ჩივოდა, კათალიკოსი ანტონი ლათინურ წიგნებს თარგმნისო. ტფილისის მოურავი კი ამ დროს დავით სარდალია. გარდა იმისა, რომ ის ასპინძის ომის გმირია, ის „ყარამანიანის“ სპარსულიდან მომთარგმნელია.
სხვა ქალაქის თავებიდან ერთი დიმიტრი ყიფიანი გახსენდება, რომ ლიტერატორობდა და სულაც „რომეო და ჯულიეტა“ უთარგმნია. მონტეკი და კაპულეტის დარ სასიყვარულო ამბავში კი უკვე ზაქარია გაბაშვილის ვაჟი, ბესიკი გაეხვა – ერეკლე II-ის დისშვილის ქვრივი შეუყვარდა და ამ მიჯნურობის დასტურად დასჭექა:
ტანო ტატანო,
გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო…
სიყვარულიც ასეთი უნდა.
Text: Abo Yashaghashvili | Photo: Nina Kunchulia | Translation: Alexander Bainbridge
