ნარიყალა

IV-VII სს-ის ციხესიმაგრე.

ნარიყალა, რაც მოდის სახელიდან ნარინ ყალა, ანუ პატარა ციხე, ან ციტადელი, იმდენჯერ დაუნგრევიათ და ისევ აუგიათ, ვერ დათვლი. დღევანდელი სახით რაც შემორჩენილა, ესაა შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობა, თორემ იქიდან, რამაც აქამდე მოაღწია, ეს თფილისის პირველი ძეგლია და ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში შიგ სპარსული რაზმი იდგა.

სპარსელები გუშაგობით რომ მოიღლებოდნენ, ხმალს ლურსმანზე დაკიდებდნენ და, როგორც ჩვეოდათ, ზოგი ბროწეულს ყიდდა, ზოგი ლეღვს, ზოგი – იქვე, ჩანჩქერების ხეობაში დაჭერილ ჩიტებს. ჩიტების ჩხუბსაც მართავდნენ, ძველ სპარსულ თამაშობას, მწყერების დაკა-დაკას და ამაზე ფულს ჩამოვიდოდნენ.

„პადარ სოხტე! მისი მამა დაიწვას!“ – დასძახებდა წაგებით გაავებული სპარსელი გუშაგი.

ნარიყალას კედლებისა და კოშკების შრეების დაკვირვება თუ მიგახვედრებს შიგ გამოცვლილი გარნიზონის წარმომავლობას და ვინ იდგა მაშინ თფილისში. ის თავრიზის კოშკიო, აგურის გაწყობილი რომბებით, რაც თფილისში შიიტების მომძლავრებას აჩვენებდა, აქეთ – სტამბოლის კოშკი, უკვე ოსმალოების აქ ფეხის გადგმას რომ გიყვება.

სტამბოლის კოშკში დილეგიც იყო. თფილისის ციხე აქ იყო, სხვაგან არ ყოფილა და შიგ ჩაყრიდნენ განურჩევლად – ქურდი იყო თუ ყომარბაზი, ღამით ვაჭრის შარა-გზაზე დამკვლელი თუ ყალბი ფულის მომჭრელი. „კლეკეწაც“ ალბათ აქ ჩააგდეს – გრიშაშვილი რომ ახსენებს, თფილისის პირველი რიოში ფულის მომჭრელი ეგ იყოო. მაშინ ჯერ არაბები და ამირა საჰაკი იყო აქ ქალაქის დამყურედ და ამირების ბაღში ფარშევანგების ცქერით რომ მოიღლებოდა, შედგამდა საჰაკი ფეხს ნარიყალას რომელიმე კოშკზე და გადაჰხედავდა იქიდან მდინარეს, ძველი სპარსელი მეფე კიროსის შიგ ჩახრჩობის გამო რომ შერქმეოდა სახელი. ხან ობსერვატორიაში შეივლიდა, იქვე, ნარიყალას ერთ ამაღლებულზე, მისი არსებობა ჰარუნ არ-რაშიდსაც რომ სცოდნოდა არაბების დედაქალაქში.

„აბა, მეხუთე ცის იკლიმს თუ ხედავ?“ – ჰკითხავდა საჰაკი კუზიან ვარსკვლავთმეტყველს. „მუჰამედმა ფაშატი ბორაკით რომ ააღწია იმას. არა? აბა, რის ვარსკვლავთმეტყველი ხარ?“ იქნებ ისიც გადაეძახა დილეგში და ახლა ის, იქ მოხვედრილი, ასწავლიდა „კლეკეწას“ შიგ ცის მნათობებს და ძველი ბაღდადელი ვარსკვლავთმთვლელების დანახულ ცას. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია – ციხის საკანში ცის იკლიმთა მცოდნისა და ბაიყუშის დამეგობრებისა, ზოგან ეს იფის ციხესიმაგრის ჯურღმულებში რომ მომხდარა და ჩვენთან კი სულ სხვა ქვევრებში რომ შენახულა.

ტექსტი: აბო იაშაღაშვილი | ფოტო: ნინა კუნჭულია | თარგმანი: ალექსანდერ ბეინბრიჯი

⭱
Schedule an appointment? Chat with us via Whatsapp